შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა. თუმცა, ბრალდებულმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ თანხას, ჯამში - 187 956 ლარს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.