ახალგაზრდების საპროტესტო აქციები გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. დემონსტრაციების მონაწილეებმა განათლებაში, სოციალურ მომსახურებასა და კლიმატის დაცვაში ინვესტიციების გაზრდა მოითხოვეს, ასევე გააპროტესტეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენა.
ყველაზე მასშტაბური პროტესტი ბერლინში გაიმართა. პოლიციის ცნობით, მსვლელობაში, რომელიც Gen Z regelt-ის (Z თაობა წყვეტს) მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული, დაახლოებით 4 000 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები მნიშვნელოვნად მაღალ მაჩვენებლებს - 10 000-დან 15 000-მდე მონაწილეს ასახელებენ.
აქციაზე, რომელშიც ძირითადად სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ, ბანერებზე შემდეგი სლოგანები ჰქონდათ დატანილი: “რეაგირება და არა იგნორირება", “სკოლა ცოდნას უნდა გასცემდეს და არა დატვირთვას".
მოძრაობა Gen Z regelt-ი მოითხოვს სკოლების, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარების პროგრამების დაფინანსების გაზრდას, ცხოვრების უფრო ხელმისაწვდომ დონეს, სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებას და თანმიმდევრულ კლიმატის პოლიტიკას.
ცნობისთვის, ახალგაზრდული საპროტესტო აქციები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, "საერთაშორისო ახალგაზრდული გაფიცვის" ფარგლებში საპროტესტო აქციებს სულ მცირე 25 ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ხორვატიაში გაიმართა. მონაწილეთა ძირითად მოთხოვნებს შორის განათლებასა და სოციალურ მომსახურებაზე ხარჯების გაზრდა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ცხოვრების ღირებულების შემცირება იყო.