31 ოქტომბერი 2026,   15:02
ვრცლად
ლაშა სუხიშვილი თეა გოდოლაძეზე: ის ამჟამადაც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და მოქმედი თანამშრომელია - იღებს მკვლევარებს, მეცნიერებსა და პროფესორებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებს ინსტიტუტში

ბულინგი, შევიწროება, და დისკრიმინაცია - "კურიერის" ინფორმაციით, თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უჩივის. მიზეზად პოლიტიკური ნიშნით დევნას ასახელებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობის დატოვება აიძულა.

თეა გოდოლაძე განვითარებულ მოვლენებში უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს ადანაშაულებს. "კურიერთან" საუბრისას, პროფესორი სხვადასხვა ფაქტს იხსენებს - მათ შორის, 2025 წლის სექტემბერში მომხდარს, როდესაც ადმინისტრაციამ პოლიციას გამოუძახა და ცდილობდნენ, გოდოლაძე შენობიდან გაეძევებინათ.

თეა გოდოლაძე საუბრობს ნინო დობორჯგინიძისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან იმ ამერიკული პროექტების დაბლოკვაზეც, რომელშიც თავად იყო ჩართული.

საპასუხოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრალდებებს უარყოფენ.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ლაშა სუხიშვილი აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ასევე ხაზს უსვამს, რომ თეა გოდოლაძე ამჟამადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამ უნივერსიტეტის მოქმედი თანამშრომელია, რომელიც მკვლევრებს, მეცნიერებსა და პროფესორებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებს იღებს.

"თავად დაწერა მან განცხადება, რომ იმყოფება აშშ-ში და, დროითი სხვაობის და სხვა ქვეყანაში ყოფნის გამო, ვერ ახერხებს ინსტიტუტის ეფექტურ მართვას და თავისი განცხადების საფუძველზე გადადგა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან. რას ნიშნავს იძულებით, წარმოდგენა არ მაქვს. მე დამიკავშირდა აშშ-დან და შემომთავაზა მისი თანამდებობის დაკავება, მე ვუთხარი უარი და შემდეგ გააგრძელა სხვა კანდიდატთან საუბარი. ვერ გეტყვით, რა მოტივაცია ამოძრავებს, ახსენებს, რომ ცხოვრობს აშშ-ში, აქვს ქართული ანაზღაურება, რაც არ ჰყოფნის იქ ცხოვრებაში, ამიტომ უნდა მეტი ანაზღაურება - დაახლოებით ასეთი ტექსტია, მე შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა... ახლა თქვენ რომ გითხრათ, რომ აი, ეს არის მისი მოტივაცია, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ის ამჟამადაც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ამ უნივერსიტეტის მოქმედი თანამშრომელია, იღებს მკვლევარებს, მეცნიერებსა და პროფესორებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებს ინსტიტუტში", - აცხადებს ლაშა სუხიშვილი.

დღის ამბები