01 ნოემბერი 2026,   21:50
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, "სულელ ადამიანებს" უნდოდათ, რომ მას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "სულელ ადამიანებს" უნდოდათ, რომ მას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. მისი შეფასებით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის რუსეთის ციხიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდებოდა.

"ადამიანებს, სულელ ადამიანებს, სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსკოვი მსგავს შეზღუდვებს უბრალოდ დასცინის. "ისინი სანქციებზე იცინიან", - აღნიშნა ტრამპმა. საკუთარი პოზიციის ასახსნელად, მან სტივენ ჰაბარდის საქმე მოიყვანა. ტრამპმა კითხვა დასვა, როგორი იქნებოდა ვითარება, მას რომ ვლადიმერ პუტინისთვის ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება ეთხოვა და ამავდროულად რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. "შეგიძლიათ წარმოდგენა?" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

74 წლის, პენსიაზე გასული მასწავლებელი, მიჩიგანის შტატიდან, სტივენ ჰაბარდი, რუსულმა ძალებმა უკრაინაში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთმა იგი დამნაშავედ ცნო დაქირავებული მებრძოლის სტატუსით უკრაინის მხარეს ბრძოლაში. შეერთებულმა შტატებმა ჰაბარდი იმ ამერიკელთა სიაში შეიყვანა, რომლებიც უცხო ქვეყანაში უკანონოდ არიან დაკავებული.

ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს, სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს. ტრამპის განცხადებით, მან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება სთხოვა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰაბარდის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის შედეგად არ მომხდარა.

კრემლის განცხადებით, ჰაბარდი ჰუმანიტარული მოსაზრებებით გაათავისუფლეს.

დღის ამბები