საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება. გუშინდელი პროცესი კი "ლელოს" და გახარიას პარტიის ახსნა-განმარტებებით დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ სარჩელის არსი ვერ გაიგეს, რა დროსაც არსიც და შინაარსიც პლენუმის წევრებმა განუმარტეს.
ორკვირიანი განხილვების თავზე, მმართველი პარტია ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია. ის ძალები, კი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს აორგანიზებდნენ და ახდენდნენ, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, საით უნდა გადაიხაროს თემიდას სასწორი.
"საზოგადოებამ დაინახა, რაც მთავარია, თუ სად არის სიმართლე. იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, საით უნდა გადაიხაროს თემიდას სასწორი", - აცხადებს გიორგი სიორიძე.