პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციის მასშტაბური მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.
ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.
დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.
სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.
ვითარების გამწვავების გამო, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა.
"წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საკონსტიტუციო ტრიბუნალი პოლიტიზებული იყო, ახლა კი ტრიბუნალში უმრავლესობას შეადგენენ მოსამართლეები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალმა პარლამენტმა აირჩია. მიუხედავად ამისა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის წინაშე მყოფი თავმჯდომარე ტრიბუნალის საბჭოს სხდომას არ იწვევდა. შედეგად, ტრიბუნალი მომავალი წლის საკუთარი ბიუჯეტის დამტკიცებასაც კი ვერ ახერხებდა", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.