მანიპულაციური განცხადებები მძიმე საქმეებზე, აჟიოტაჟის შექმნის მორიგი მცდელობა და საზოგადოების მოტყუების მიზანმიმართული ქმედებები - ასე აფასებს მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური განხილვების მე-5 დღეს და "ნაციონალური მოძრაობის" ახსნა-განმარტებას, რომელიც კანონმდებლების შეფასებით რეალურ იურიდიულ არგუმენტაციას არ ეფუძნება. უმრავლესობისთვის დღევანდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სააკაშვილისა და მისი პარტიის დანაშაულებრივი ბუნება უცვლელია - ორიენტირებული არიან ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევასა და იმ ქმედებებზე, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
უკვე დადასტურებული სისტემური დანაშაულების გამართლების მორიგი მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან დღეს ანა წითლიძეს ჰქონდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ახსნა-განმარტების 2 საათი, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩადენილ იმ მძიმე დანაშაულების შემსუბუქებას დაუთმო, რომელზეც სამართლებრივი შედეგი ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში დიდი ხნის წინ დადგა. მათ შორისაა აფრასიძეების, როინ შავაძისა თუ კოდორის სპეცოპერაციის საქმე, რომელზეც "ნაცმოძრაობა" პასუხისმგებლობას არ გრძნობს. უფრო მეტიც, აფრასიძეების ოჯახს წითლიძემ კრიმინალები უწოდა, თუმცა ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რატომ ჩაცხრილეს ევგენი და ომეხ აფრასიძეები მცირეწლოვანი ბავშვების წინაშე. ასევე არაფერი უთქვამს, რატომ მიაყენეს 40-მდე ჭრილობა სერჟანტ როინ შავაძეს კუდის თანამშრომლებმა 2008 წელს, ან როგორ მოქმედებდა მისი ლიდერი იმავე 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაკარგა.
მძიმე დეტალები, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სისტემურ დანაშაულს ადასტურებს, წითლიძეს დღეს მოსარჩელე მხარემ დარბაზს გარეთაც შეახსენა. მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. როინ შავაძის საქმეზე 2020 წელს ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. იმავე გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს დაზიანებები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. აფრასიძეების საქმეზე წითლიძის სიტყვები კი უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, სააკაშვილის მსგავსი აღიარება იყო - როინ შავაძის მოღალატედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზე საუბრისას წითლიძემ ახსენა კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებიც, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამ საქმეების გამართლებასაც თავისებური მეთოდით ცდილობდა, ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, რომელიც სააკაშვილის პარტიისთვის ერთ-ერთი მძიმე საქმეა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ არ ახსენა ანა წითლიძემ, ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. საგანგებოდ გაესვა ხაზი ფაქტს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო შეთანხმებულად მოქმედებდა, რომ საზარელ მკვლელობაზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.
წითლიძის განცხადებები და სისტემური დანაშაულების იგნორირების მცდელობა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფად შეფასდა მოსარჩელეების მხრიდან. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგში გადაწყვეტილ, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ უკვე ყველაფერი დეტალურად იცის.
"ნაციონალური მოძრაობის" მსჯელობა, რომ ტყუილებს ეფუძნება, ანა წითლიძეს დღეს სხვა მოსარჩელეებმაც უთხრეს. ეს მას შემდეგ, რაც ახსნა-განმარტების დროს 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციას და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს მშვიდობიანი პროტესტი უწოდა.
არსებითი განხილვის დღევანდელ სხდომაზე, ახსნა-განმარტების უფლებით ისარგებლეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებმაც. ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას, რომ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენამდე, საგანგებოდ შეიცვალა კანონმდებლობა, სიცრუე უწოდეს თავად სარჩელის ავტორებმა. განუმარტეს კანონის ის კონკრეტული ნორმაც, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რეალური სამართლებრივი არგუმენტების არ ქონის გამო, მიზანმიმართულად დამალა.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალ 11 საათზე განახლდება. "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები წარდგებიან.