27 ოქტომბერი 2026,   22:36
ვრცლად
მაია ბითაძე გურჯაანის თოჯინების თეატრის ინფრასტრუქტურას და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნო
მინისტრმა თეატრის შენობა დაათვალიერა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თეატრის პროექტების მენეჯერისგან ნერონ აბულაძისგან და თეატრის მენეჯერისგან ნინო ნადირაძისგან, მოისმინა.
 
"გურჯაანის თოჯინების თეატრში სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი გამოწვევები არ გვაქვს. უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური პირობებიც, რაც თოჯინების თეატრის დასს საშუალებას აძლევს, ჩვენს პატარა მაყურებლებს შთამბეჭდავი სპექტაკლები შესთავაზოს. რეგიონებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია. აღნიშნული გაერთიანებაში არიან თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრებიც. გაერთიანების ფორმატი თეატრების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.
 
გურჯაანის თოჯინების თეატრი ოთხი ათეული წელია ემსახურება თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას, რეგიონში ბავშვთა კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და პატარებისთვის თეატრალური სამყაროს გაცნობას.
 
მინისტრთან ერთად გურჯაანის თოჯინების თეატრში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
დღის ამბები