საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, სიტყვით ისარგებლებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სხდომის დაწყებამდე მხარეები პროცესს მედიასთან აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარეს არც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს და არც ფაქტობრივი გარემოებების მითითება შეუძლია.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას.
"საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას და ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები რამდენად შესაბამისობაშია კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური გამოსვლები გქონდათო, პოლიტიკური კი არა, სამართლებრივი არგუმენტაციით გამყარებული პოლიტიკური გამოსვლები იყო.
დღეს ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ასევე მტკიცებულებით ნაწილზე, ის აბსურდული მტკიცებულებები, რომელიც კომისიის მიერ არის მომზადებული, რა აბსურდულ ბრალდებებს ეფუძნება და, იმავდროულად, რა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს პარტიების გაუქმების [თვალსაზრისით]", - აცხადებს ბეჟაშვილი.