13 ოქტომბერი 2026,   19:10
ვრცლად
რომში, მსოფლიო სასურსათო ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება "ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის" გაიმართა

რომში, მსოფლიო სასურსათო ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.

მსოფლიო სასურსათო ფორუმის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის კულტურის, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციებისა და რიტუალების, ადგილობრივი ჯიშებისა და უნიკალური გენეტიკური რესურსების გაცნობა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ.

მინისტრის მოადგილემ ხორბლის, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული მეხსიერების, თანამედროვე განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ მსოფლიოს, ხორბლის კულტურის სახით, უნიკალური მრავალფეროვნება შეუქმნა; ეს ის საერთო სიკეთეა, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები” შეტანილ იქნა UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში.

"ქართული ხორბლის კულტურა აერთიანებს ჩვენი წინაპრების ცოდნასა და გამოცდილებას, ჩვენს ისტორიას და კავშირს ბუნებასთან.

კულტურისა და აგრარულ სექტორებს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების და კერძო სექტორის ჩართულობით, ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი ხედვა ქართული ხორბლის მომავლისთვის“, - განაცხადა ნათია შამათავამ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მაურიციო მარტინა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური მოხსენებები.
ღონისძიება გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და FAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით.

დღის ამბები