პარლამენტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია პირველი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.
ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც დევნილებს და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას ეხება, კორპუსების მშენებლობის პარალელურად, იძულებით გადაადგილებულებს შეეძლებათ ბინების ნაცვლად კომპენსაცია მიიღონ. ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე აცხადებს, რომ 2027 წლის განმავლობაში, იქნება საინტერესო პროექტები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და დევნილი მოსახლეობისთვის.
"ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ცხადია ამისკენ არის მიმართული, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, შეძლებისდაგვარად, პენსიონერებისთვის გადასახდელი პენსიის ოდენობა, რაც ცხადია, მათი სოციალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
2027 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო პროექტები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, დევნილი მოსახლეობისთვის. ცხადია, რაც შეეხება მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისკენ, რომ მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს", - ახადებს ირინე წაქაძე.