ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. როგორც გოცირიძე ამბობს, ყეინიშვილი ნათია თურნავასთან დაპირისპირებულია და დარწმუნებულია, რომ იმ კონკრეტულ საქმეში, რომელზეც ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო, დამოუკიდებლად მოქმედებდა.
"ვიმეორებ, მას(ნანა ყეინიშვილს) რაღაც ვიწრო ინტერესები აქვს. როგორც ამბობენ, ის დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან. ველოდები ნანა ყეინიშვილის იმპიჩმენტს და მის ადგილას სხვას. რა თქმა უნდა, ის მოქმედებდა მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება", - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მედიასთან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა კი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სრულად ემიჯნება აღნიშნულს და გამოძიების დასრულებამდე, ასევე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს საქმიანობაში ნანა ყეინიშვილის მონაწილეობის აცილების თაობაზე. ეროვნული ბანკის განმარტებით, ყეინიშვილი მოქმედებდა დამოუკიდებლად.