დავით ქაცარავას განცხადება, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ეხებოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დავით ქაცარავა ძალად მეომარია და მისი განცხადება ლაშა ბექაურს ვერაფერს დააკლებს.
"ქაცარავა რომელი ქვეყნიდან იწერება, თუ შემახსენებთ. მე როგორც მახსოვს, ის ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაში არის თბილად მოწყობილი, რამდენადაც ვიცი.
არ ვიცი, ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირებად და ძალად მეომრებად რომ არიან წარმოდგენილები და შემდეგ იმალებიან ყველაზე თბილ კუთხეში, ეს ტიპური მოვლენაა, როდესაც ასეთ ადამიანებს ვხედავთ.
ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან? რა მოსატანია საერთოდ მასშტაბები. ამიტომ, გასაგებია, რომ ჭიანჭველების ბრწკენა ჩვენს ლომკაცს არ მგონია ნამეტანი ანაღვლებდეს.
აი ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტი როგორი არის, რომ შეიძლება დაგვჭრან, შეიძლება ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო იმარჯვებს ყოველთვის.
ასე რომ, დღესაც ვხედავთ, რომ ბევრი დაგვსევია გარშემო, ბევრი ცდილობს, რომ დაგვაზიანოს, მოგვაყენოს სხვადასხვა ზიანი, ხან სანქციებით, ხან რით, ხან რით, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველო გაიმარჯვებს, ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა ეს საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა მის აი ამ ორ ბრძოლაში, რომელშიც მან ფაქტობრივად ცალი ფეხით დაზიანებულმა მოიგო და დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.