12 ოქტომბერი 2026,   03:42
ვრცლად
10 წლის ლუსი ტუხაშვილი ბოდბისხევიდან - როგორია მეხუთეკლასელი მოჭიდავის ყოველდღიურობა

ლუსი ტუხაშვილი ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, მაგრამ დიდი ოცნებები აქვს. მის კლასში ყველამ იცის, რომ მათ გვერდით მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი სწავლობს. სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის კედლები მეხუთეკლასელი სპორტსმენის წარმატების ისტორიას უკვე ინახავს.

ლუსი ტუხაშვილი ჭიდაობით ექვსი წლის ასაკში დაინტერესდა. სპორტისკენ გზა კი ძმამ და დამ გაუკვალეს - სწორედ მათ მიიყვანეს პირველად დარბაზში. მაშინ ჯერ ვერც წარმოიდგენდა, რამდენად რთული იქნებოდა ეს გზა, თუმცა პირველივე ვარჯიშის შემდეგ დარწმუნებით იცოდა, რომ ჭიდაობით მისი ცხოვრების მთავარი ამბავი დაიწყო. სკოლა სახლთან ახლოს აქვს. სახლში დედა და 4 დედმამიშვილი ელოდება. ტუხაშვილების სპორტულ მიღწევებს სპეციალურად მოწყობილი კუთხე ვეღარ იტევს.

10 წლის ასაკში ლუსი ტუხაშვილის მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავია. წარმატებების სია ვრცელია: 2025 და 2026 წლებში ტალინის ღია პირველობის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, არის ტალინის ღია პირველობის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ოქროს მედლით დაბრუნდა გერმანიიდანაც...

ქიზიყელი გოგოსთვის ჭიდაობა მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის ოცნება, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. ამ გზაზე კი ლომის წილი მის მწვრთნელს აქვს - ჯონი ქვრივიშვილს. ისიც, წლების წინ, მოჭიდავე იყო, მერე სოფელში მოჭიდავეების გუნდი ჩამოაყალიბა და დღემდე უსასყიდლოდ ამეცადინებს. შეკრებებზე ბავშვები თავისი ავტომობილითაც კი დაჰყავს.

წლების შემდეგ, როცა ლუსი ტუხაშვილის ოცნება ახდება და საქართველოს ჰიმნი ოლიმპიურ არენაზე აჟღერდება, უკვე პატარა გოგო აღარ იქნება, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრება, რომ წარმატების გზა სწორედ აქ, ქიზიყში დაიწყო - პატარა ხელებით, დიდი შრომითა და ბავშვური ასაკისთვის უჩვეულო შეუპოვრობით.

დღის ამბები