12 ოქტომბერი 2026,   03:44
ვრცლად
რა შეიცვალა დასავლეთის მიდგომებში თითქმის 5-წლიანი ომის განმავლობაში და რა ელის უკრაინას - ბუფერული ზონის გეოპოლიტიკა

4 წელი და 7 თვე - რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი, რომელმაც გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა, მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციამ კი ახალი, მრავალპოლუსიანი გეოპოლიტიკური რეალობა ჩამოაყალიბა... ომი, რომელიც ფრონტზე და დიპლომატიურ მაგიდასთან ერთდროულად მიმდინარეობს - ფაქტია, რომ იმას, რაც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, დასასრული არც 2026 წელს უჩანს. ხანგრძლივმა, ჩიხურმა ვითარებამ ევროპული სახელმწიფოების აღქმებიც შეცვალა.

ამის მკაფიო მაგალითია ფინეთის პრეზიდენტის განცხადება. ალექსანდრ სტუბი ღიად ამბობს, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოების ბუფერი და რუსული აგრესიის შემაკავებელი მთავარი ფაქტორია.

ფინეთს, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის სიმძიმე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, კარგად ესმის, რას ნიშნავს აგრესორთან დაპირისპირება. თუმცა, ფაქტია, რომ ეს განცხადება ფინეთში გაკეთდა. ფაქტია ისიც, რომ წინასაომარი ილუზიებიდან და ოპტიმისტური დაპირებებიდან დასავლეთი მკაცრ, პრაგმატულ გეოპოლიტიკურ ლოგიკაზე გადავიდა. თუ 2021 წელს ევროპელი ლიდერები კიევში უკრაინას "ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობას" ჰპირდებოდნენ, 2026 წელს ისინი ღიად აღიარებენ, რომ უკრაინა მათთვის, პირველ რიგში, საკუთარი უსაფრთხოების ფარია.

დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი დემონსტრირება - ევროპელი ლიდერების შეცვლილი პოზიციები მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გეოპოლიტიკურმა რომანტიზმმა კრახი განიცადა და მსოფლიო მკაცრი, რეალისტური პრაგმატიზმის ენაზე ამეტყველდა.

"ქართულ ოცნებაში" რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდს იხსენებენ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სწორედ პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევდა, დასავლეთი კი კიევში ემოციურ დაპირებებს გასცემდა. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ, რომ არა მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბედს საქართველოც გაიზიარებდა.

როგორი უკრაინა სჭირდება ევროკავშირს და სჭირდება თუ არა საერთოდ მისი წევრობა? ევროპელი ლიდერების განცხადებით დასტურდება, რომ დასავლეთს სურს, იხილოს უკრაინა, როგორც სამხედრო ფარი, თუმცა არა როგორც თანასწორი - ეკონომიკური პარტნიორი. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აგრარული სექტორის მხარდაჭერასა და იმპორტთან დაკავშირებით შეშფოთებას აჩენს. უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეული გააქვს, ევროკავშირში კი პროდუქციას მკაცრი კვოტირების რეჟიმში ყიდის, რადგან ევროპული ქვეყნების ნაწილმა, საკუთარი ბაზრის დასაცავად, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დაბლოკა. უარს უარი მოჰყვა - ომში მყოფი ქვეყანა წითელ შუქს უნთებს ისეთ წევრობას, რომელიც მისი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტს სამუდამოდ შეზღუდავს.

გეოპოლიტიკურ ილუზიებს ამსხვრევს ნატოს "ღია კარის პოლიტიკაც", რომელიც ახალი წევრებისთვის ფაქტობრივად უკვე დაიხურა. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში სწორედ ალიანსის გაფართოების შეჩერების საბაბით შეიჭრა, 5 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ღიად აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. მაშინ, როცა დიპლომატია ჩიხშია და მთავარი მომლაპარაკებელი ომის დასასრულის კონტურებს ვეღარ ხედავს, რა რესურსი რჩება უკრაინას? საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პრაგმატიზმს ირჩევს, აცხადებს, რომ სანამ საერთაშორისო დიპლომატია პარალიზებულია, ევრობიუროკრატებმა უკრაინა გრძელვადიანი სამხედრო აგრესიისთვის გაიმეტეს.

უკრაინაში ომი გრძელდება - ომი, რომელსაც დიპლომატია ვერ ასრულებს. რჩება თუ არა უკრაინა ბრძოლის ველზე მარტო? ამ დროისთვის, დაპირებები ევროკავშირსაც უკან მიაქვს და ამერიკაც ომში მყოფ ქვეყანას ალიანსის წევრობაზე ღია უარს პირდაპირ ეუბნება.

დღის ამბები