ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური აქციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დანაშაულის აღიარებისთვის ემზადება, თუმცა მომხრეების თვალში საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში პაატა ბურჭულაძის მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილის შინაარსს. ბურჭულაძე, რომლის შვილმაც მამის თანამებრძოლებს, საპროცესოს გაფორმების გამო მოღალატეები უწოდა, თავად ზოდელავასა და ბერიძის საქციელს ამართლებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინაშე მძიმე დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსები, შესაძლოა აღიარებით განთავისუფლდნენ, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
თანამოაზრეების მსგავსად, ბრალის სავარაუდო აღიარებისთვის ნიადაგის შემზადება ბურჭულაძემ მას შემდეგ სცადა, რაც მისი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას მწვავე დაპირისპირება მოყვა. მაშინ როდესაც ძალადობრივ აქციაში მონაწილეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ციხეშია, ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ორგანიზატორების მხრიდან საპროცესოს გაფორმება აღიარებას არ ნიშნავს.
პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული პოლიტიკოსების ქმედებას კვლავ არაერთგვაროვნად აფასებენ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობა" ანტიკონსტიტუციური აქციის ორგანიზატორების გამართლებას ცდილობს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ აქციის ლიდერების ქმედება როგორც ერთი წლის წინ, ისე დღესაც მიუღებელი და ამორალურია.
"ნაციონალური მოძრაობა" რომ 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების გამართლებას ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთი ღია ლუსტრაციაა. კანონმდებლების თქმით, უცხოეთიდან წახალისებული რევოლუციური სცენარი, გამართული სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობით ჩავარდა.
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიდან ორმა ლაშა ბერიძემ და მურთაზ ზოდელავამ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება უკვე მოითხოვეს. პროკურატურასთან შეთანხმებით აქციებზე დაკავებული 60 პირიდან 25-მა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.