პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია. სამხარაძის შეფასებით, როგორც ჩანს, ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებას აგრძელებს.
"ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპაში, იგივე ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისია, GRECO და ასევე გაეროს ზოგიერთი ქვეორგანიზაციის ასე ვთქვათ, დატოვებას აგრძელებს. ვფიქრობ, რომ ეუთო-ს არ მოწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. წინა არჩევნებზე, რომელსაც მე პირადად ვაკვირდებოდი, ეუთო-ს დასკვნა მაინცდამაინც სახარბიელო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ იყო.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნები, ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ასე იყო, მაგალითად, ხსენებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ასევე დიდი ბრიტანეთის არჩევნებზე, თუმცა ყველა იმ შემთხვევაში ეს დასკვნა დაიდო, ყველამ წაიკითხა და მიიღო, ასე ვთქვათ, ცნობად. საქართველოს შემთხვევაში, ეს დასკვნა გახდა ათასგვარი ინტერპრეტაციების, ათასგვარი სპეკულაციების, ტყუილების, ფაქტების დამახინჯების საბაბი. სწორედ აქ ჩანდა ის მიკერძოებულობა, რომელიც კონკრეტულ აქტორებს, მათ შორის ეუთო-ში და როგორც, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი მიმართულებით, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, კონკრეტულ აქტორებს ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში და ბოროტად იყენებდნენ ეუთო-ს დასკვნებს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.