დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სენატორი ჯინ შაჰინი. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში შაჰინი ამ ნაბიჯს უპრეცენდენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მიღებული ეს გადაწყვეტილება ვნებს დემოკრატიას და დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ამერიკული საარჩევნო სისტემის მიმართ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა ეუთოს სხდომაზეც.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟუან პონსი ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კვლავ შეძლებენ აშშ-ის არჩევნებზე დაკვირვებას.
"როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ში 2026 წლის შუალედურ არჩევნებს ჩვენ არ დავაკვირდებით. ეს ცუდი ამბავია ჩვენი ოპერაციული შესაძლებლობებისთვის. ამით ვკარგავთ შანსს, გამოცდილება გავცვალოთ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიასთან. ეს ასევე ცუდი ამბავია თავად ეუთოსთვის. რა თქმა უნდა, ცუდია ისიც, რომ რუსეთის ბოლო არჩევნებზე არ მიგვიწვიეს. ამ ორგანიზაციაში აღიარებული ვალდებულებები ყველას ერთნაირად უნდა გვეხებოდეს. იმედი მაქვს, მომავალში კვლავ შევძლებთ აშშ-ის არჩევნებზე დაკვირვებას. თუ საერთო სტანდარტების გვჯერა, ისინი ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა გამოვიყენოთ. დასასრულს მოკლედ ვიტყვი: დემოკრატია საკუთარ თავს ვერ იცავს. ის ჩვენ უნდა დავიცვათ", - აცხადებს პერე ჟუან პონსი.
ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეით რებჰოლცი კი აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის მშვიდობიანი გამოხატვის გამო ცალკეული პირებისა თუ ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ეუთოს, კვლავ ფოკუსირდეს იმ ბუნებრივ უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რომლებიც უშუალოდ განაპირობებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მონაწილე სახელმწიფოების შიგნით და მათ შორის. განსხვავებული აზრის მშვიდობიანი გამოხატვის გამო ცალკეული პირებისა თუ ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებს ქეით რებჰოლცი.
ავტორი: ნანა გოგატაძე