სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე. ახობაძეს სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
"დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ლევან ახობაძე გათავისუფლდა გირაოთი. გირაოს ოდენობა მას შეეფარდა 500 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა ლევან ახობაძის ადვოკატმა დავით სიმონიანმა.
საქმეზე ისაუბრა ბრალდების მხარემ. პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, მოცემულ მომენტში მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე შემცირდა, რაც აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდა.
"ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარკვეული გარემოებები, ასევე დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო.
როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ეს. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ როდესაც გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის, ამ საფრთხეების შემცირება, ამ შემთხვევაში ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად, შემცირდა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.