26 სექტემბერი 2026,   14:52
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლისას მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ქვეყანაში სწრაფად მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მობილიზება, გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.

პანდემიის მიმდინარეობისას გაფართოვდა ჰოსპიტალური შესაძლებლობები, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით დაინერგა პაციენტების დისტანციური მართვა და განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიების პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაიწყო პანდემიის ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას, გენომური სეკვენირების შესაძლებლობების გაფართოებასა და ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს. მისი თქმით, პროექტი აძლიერებს „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომას, ასევე ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის კოორდინაციას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა 2025 წელს დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციის, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

დღის ამბები