25 სექტემბერი 2026,   22:05
ვრცლად
მშვიდობა, სტაბილურობა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება - გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები

მშვიდობა, რეგიონული სტაბილურობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება - მთავარი აქცენტები მთავარი ტრიბუნის გარდა პრემიერ-მინისტრმა და ქართული დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრების დროსაც გააკეთეს. ნიუ-იორკში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკაზე ისაუბრეს.

ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მთავარი აქცენტები რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერმა არაერთ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა და ანტონიო გუტერეშმა მრავალწლიან თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა. გენერალურ მდივანთან საუბარს ტვიტერზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ალენ ბერსესთან საუბრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ბერსეს ორგანიზაციის პრინციპების ერთგულება დაუდასტურა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

მანამდე პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ნაურუსთან. ნაურუს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაღალი დონის შეხვედრები ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართულ მედიასთან შეაჯამა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს ქართული დელეგაციის წევრებმაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრა შედგა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმაც. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანამთავმჯდომარემ, სამუშაო ფორმატში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა საქართველოს გამოცდილებასა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. პანელური განხილვის დროს ლაშა დარსალიამ შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიპლომატებმა შეხვედრები გამართეს სენატორ სტივ დეინსსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან.

დღის ამბები