24 სექტემბერი 2026,   14:39
ვრცლად
სკოტ ბესენტი: აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავი იანვრამდე გაახანგრძლივეს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო ზავი გაახანგრძლივეს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვედრებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა.

გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის მიერ მიღწეული საწყისი შეთანხმების ფარგლებში, ორმა ქვეყანამ შეამსუბუქა შეზღუდვები კრიტიკულ მინერალებსა და მაღალტექნოლოგიურ ექსპორტზე, ასევე შეაჩერა სამნიშნა ტარიფები. აღნიშნული ზავის ვადა 10 ნოემბერს იწურებოდა.

"ის 10 იანვრამდე გაგრძელდება, რათა მეტი დრო გვქონდეს იმის სანახავად, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ეკონომიკურ ფრონტზე", - განაცხადა სკოტ ბესენტმა მედიასთან და დასძინა, რომ ორივე ქვეყანა კვლავ ცდილობს უფრო მასშტაბური გარიგების დადებას.

ბესენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სი ძინპინი აშშ-ის ტერიტორიაზე, ენდრიუსის გაერთიანებულ ბაზაზე დაეშვა, სადაც მას პირადად ტრამპი დახვდა.
ლიდერები თეთრ სახლში მოლაპარაკებებს დღეს გამართავენ.
ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში.

როგორც გამოცემა წერს, ხაზინის მდივნის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია ფინანსურ მომსახურებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვებთან დაკავშირებული ახალი განცხადებების გაკეთებაც.

როდესაც ორი ლიდერი მაისში შეხვდა, ჩინეთმა იკისრა ვალდებულება, 2028 წლამდე ყოველწლიურად მინიმუმ 17 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის ფერმერული პროდუქცია შეესყიდა. თუმცა, პეკინი 2026 წლის პროპორციულ სამიზნე მაჩვენებელს ჩამორჩება.

ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრის, კრეიგ სინგლონის შეფასებით, ხანმოკლე ვადით გაგრძელება ვაშინგტონის იმ შეშფოთებას ასახავს, რომელიც ჩინეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

"პეკინს პროგნოზირებადობისთვის ბევრად უფრო გრძელი პერიოდი სურდა, ხოლო ვაშინგტონმა შეინარჩუნა ადრეული შესაძლებლობა, რომ გამოსცადოს ჩინეთის შესრულება და გადააფასოს თავისი ბერკეტები", - აღნიშნა სინგლონმა.

დღის ამბები