18 ნოემბერი 2026,   19:28
ვრცლად
გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: კითხვა იყო დასმული, აღიარებდნენ თუ არა ისინი [ოპოზიცია] დღეს არსებული სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციას, ზოგიერთმა საერთოდ ვერ გასცა პასუხი, ზოგმა თქვა, რომ აღიარებს

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა უკვე 6 საათია გრძელდება. დღეს სხდომა ახალ ეტაპზე გადავიდა. კითხვებს მოპასუხე მხარეს, ამჯერად მოსარჩელეები უსვამენ.

"ქართული ოცნების" შეკითხვები ხუთივე პარტიას მიემართება. მოსარჩელე სხვადასხვა თემით ინტერესდება, მათ შორის, კითხვები ეხება 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც მხარი სააკაშვილის მთავრობამ დაუჭირა. ასევე, კონსტიტუციური ორგანოების აღიარებას, ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნას და ძალადობრივ აქციებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კითხვებს გაურბოდნენ და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ჰქონდათ.

"ისინი შეეცადნენ, რომ პროცესი რამენაირად ჩაეშალათ. კითხვა იყო დასმული - აღიარებდნენ თუ არა ისინი დღეს არსებული სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციას. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ ვერ გასცა პასუხი, ზოგმა თქვა, რომ აღიარებს, თუმცა გაუგებარია მაშინ აქამდე რას მოითხოვდნენ. სანქციებთან დაკავშირებითაც სრულიად განსხვავებული პასუხები ჰქონდათ.

ანუ, ისინი დადიოდნენ ქვეყნის გარეთ, ევროკავშირის ბიუროკრატებთან თუ ასე შემდგომ და ცდილობდნენ ხელისუფლების დასანქცირებას. ასეთი მიდგომა ზოგმა პარტიამ სრულიად უარყო, თითქოს მათ ასეთი მცდელობები არ ჰქონდათ. სრულიად გაუგებრად გაურბოდნენ ამ კითხვაზე პასუხს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

დღის ამბები