24 სექტემბერი 2026,   02:43
ვრცლად
ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და "გრანტების შესახებ კანონის" გვერდის ავლის სავარაუდო ფაქტი - "ქართული ოცნება" აუდიტის სამსახური დასკვნას ელოდება

აუდიტის სამსახური გრანტების შესახებ კანონის გვერდის ავლის სავარაუდო ფაქტს იკვლევს და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მონიტორინგს განაგრძობს. საუბარია არმაზ ახვლედიანის ორგანიზაციაზე, რომელმაც სემინარი, გასულ კვირას, ბახმაროში, ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩაატარა - დიპლომატებისა და ევროკავშირის ელჩის დასწრებით. მმართველ პარტიას აინტერესებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ღონისძიების დაფინანსების წყარო და მოტივი, რომელიც, მათივე თქმით, სწორედ ევროსაბჭომ უნდა განმარტოს.

ღონისძიება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობის პროექტის სახელით ჩატარდა. ევროსაბჭო აცხადებს, რომ ჰონორარი არ გაუციათ, არც პოლიტიკური სწავლების სკოლისთვის და, არც არმაზ ახვლედიანისთვის. თავად პოლიტიკოსი დუმს.

საკითხზე არ საუბრობენ არც "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში, რომლის საარჩევნო სიითაც ახვლედიანი ბოლო მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახდა.

ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სუბიექტი ვალდებულია, იმოქმედოს კანონმდებლობით და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტით - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". ამბობენ, რომ კანონის გვერდის ავლის სავარაუდო ფაქტზე პასუხისმგებელია როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, არმაზ ახვლედიანი, ისე მისი მხარდამჭერი, ევროპის საბჭო. მათივე თქმით, მსგავსი შეხვედრები, რომელიც წინასწარ არ საჯაროვდება, ხელს უწყობს არა დიალოგს, არამედ პოლარიზაციის გაღრმავებას.

მთავრობასთან შეუთანხმებლად გრანტის მიღების სავარაუდო ფაქტზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, აუდიტის სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას. გამოკითხავს ყველა იმ პირს, რომელიც საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეს.

დღის ამბები