22 სექტემბერი 2026,   17:15
ვრცლად
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, „საქპატენტს“ 4 ახალი სერვისი დაემატება. ახალი სერვისები, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება, საძიებო მომსახურებას უკავშირდება, შედეგად, პირს შესაძლებლობა მიეცემა განაცხადის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი პატენტი მოითხოვოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რაც პატენტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების შემცირებას და პროცესების გამჭვირვალობას უკავშირდება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.

ცვლილების თანახმად, საერთო სპეციალიზებულ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება იმ პირებსაც მიეცემათ, ვისაც უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მშენებლობის და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს მიღებული.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ცვლილებათა პროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სრულად პასუხობს თანამედროვე პრაქტიკას.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სხდომაზე ასევე ისაუბრა - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე.

მისი განმარტებით, ცვლილებები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საკითხების დაზუსტებას და გამარტივებას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები