"იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტად ნათელი იქნება ის, რომ ქართული მხარე, ჩვენი ქვეყანა პირნათელია ევროკავშირთან", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის განიხილოს ყველა პრობლემა ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში.
"პირდაპირი კონტაქტი, უშუალოდ საუბარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი მძლავრობს. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტად იქნება ნათელი ის, რომ ქართული მხარე, ჩვენი ქვეყანა პირნათელია ევროკავშირთან.
ის დამოკიდებულება, რაც ევროკავშირის მხრიდან, სამწუხაროდ, შეიგრძნობა საქართველოსთან მიმართებით, არ არის ობიექტური, არ არის სწორი.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველთვის მზად ვართ, საჯაროდ, ღიად განვიხილოთ ყველა პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი რამდენიმე საათში შეხვედრებს გამართავს პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
საუბრის თემა იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, უსამართლო დამოკიდებულება და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც გარე აქტორების და შიდა ჯგუფების მონაწილეობით ხორციელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი. მათი განცხადებით, საქართველო კვლავ ღიაა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობისთვის.