თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე "თურქულ სახლში", საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა", - აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც სააგენტო Anadolu წერს, შეხვედრაზე განხილული იყო თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ორმა ქვეყანამ შეინარჩუნოს სოლიდარობა და რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენება სასარგებლო იქნება", - წერს Anadolu.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობს. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.