თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წარმატებული მაგისტრანტების სემესტრული დაფინანსება 562 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან ერთად, შეიცვალა სოციალურად დაუცველი, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტების დაფინანსების წესიც.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დაზუსტდა მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობის პროგრამის პირობები და დეპუტატებმა ავარიული შენობების რეაბილიტაციის საკითხებზეც იმსჯელეს.
"თბილისის საკრებულომ განიხილა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჯამურად 77 საკითხს შევეხეთ. უმნიშვნელოვანესი იყო წარმატებული მაგისტრანტების დაფინანსების ზრდა 562 ლარიდან 1000 ლარამდე. ასევე, განვიხილეთ პროგრამები, რომელიც მცირე და მიკროსაწარმოების ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი, ცვლილებები შევიტანეთ ამ წესში და განვიხილეთ ასევე თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმები," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი.