ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. გარიგებულები, მოღალატეები და გაყიდულები, - ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. სააკაშვილის პარტიაში ოპოზიციური ველის გასუფთავებაზე საუბრობენ, მათგან წასულებს ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა "ახლებისთვის" იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების წართმევა.
"პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი. 40 მილიონის თემასთან დაკავშირებით, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ფაქტი, ამ ტრანზაქციის თუ დაფინანსების და ა.შ. გილაური, მასთან აფილირებული პირები თუ დააფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვის ნიშნები ამ ფულის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ისიც ცხადია, რომ მთავარი ამოცანა "ახლებისთვის" იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების წართმევა. თუ ვინმეს კვლავ აწუხებს ეს თემა, ქალბატონმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ, დებატებშიც დავჯდეთ," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.