აბიტურიენტებს, რომლებიც სასურველ უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ, უმაღლესი განათლების მიღების შანსი კიდევ აქვთ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან დაიწყო. პროცედურა შემდეგნაირია: პოტენციური სტუდენტი, სარეგისტრაციო პორტალზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამასა და სასწავლო დაწესებულებას ირჩევს. ვაკანტურ ადგილებზე აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების საშუალება მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ.
უნივერსიტეტის მიღმა წელს 1 800-მდე აბიტურიენტი დარჩა. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა მიღებული ქულები სასურველ პროგრამაზე მოსახვედრად არასაკმარისი აღმოჩნდა. უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტების მისაღებად უკვე მზად არიან.
მეორადი ჩარიცხვები წელს ერთჯერადად, გამონაკლისის სახით ტარდება. გადაწყვეტილების ინიციატორი პრემიერ-მინისტრია. მიზეზი გარდამავალი პერიოდია, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმის ფარგლებში გადის.
2026 წელს სტუდენტის სტატუსი 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, 1 795 ახალგაზრდას კი მეორე შანსი, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მოსახვედრად, მეორადი ჩარიცხვით ეძლევა.