13 სექტემბერი 2026,   22:43
ვრცლად
"ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ამ შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ" - დავით მათიკაშვილი ბარამიძეზე

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო. მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა გაიზიარა.

ბარამიძემ ქართველ სამხედროებს უარგუმენტოდ დააბრალა საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევა და ომის დანაშაული. მან ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ქართულ შეიარაღებული ძალები ტყვეებს ხვრეტდნენ.

ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ კამპანიას კოორდინირებულად აწარმოებს.

"ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას გააჩნია როგორც მორალური, ასევე, სამართლებრივი მხარე. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ პრაქტიკულად დააბრალა ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული. მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სამხედრო ძალებს. მითუმეტეს, ეს ყველაფერი უმძიმესი მოსასმენია ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, თუმცა ეს განცხადება არ არის მხოლოდ მორალური ტვირთით დამძიმებული, მას სამართლებრივი მხარეც გააჩნია.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გარკვეული ძალები, ვინც "ნაცმოძრაობას" დავალებას აძლევენ, არიან ძალიან შეშფოთებული და გაღიზიანებული იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

ამიტომ გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე აკეთებენ განცხადებებს, რათა აუცილებლად ხელი შეეშალოს და შეფერხდეს ეს პროცესი. განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, პირდაპირი მნიშვნელობით წარმოადგენს სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ასეთად შეაფასა პროკურატურამ მაშინ, როდესაც ბრალი წაუყენა ბარამიძეს. ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ამ შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ. სწორედ ამიტომაც მოხდა იმ სამართლებრივი პროცესის წარმოება ბარამიძის მიმართ, რაც საზოგადოებამ იხილა", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები