რატომ გახშირდა ევროპაში მუზეუმების ქურდობა? - ექსპერტები უსაფრთხოების სისტემების სისუსტეზე საუბრობენ.
ამ კვირის დასაწყისში ქურდები საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში შეიჭრნენ და პიერ-ოგიუსტ რენუარის მილიონობით ევროს ღირებულების ოთხი ნახატი მოიპარეს.
სულ რაღაც გასულ თვეს ევროპოლმა (Europol) გააფრთხილა საზოგადოება, რომ მთელ ევროპაში მუზეუმების ძარცვა სულ უფრო გაბედულ და აგრესიულ ხასიათს ატარებს. რენუარის ნახატების მოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ხელოვნების სფეროს ცნობილმა დეტექტივმა, არტურ ბრენდმა BBC-სთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა, რომ გასული წლის ოქტომბერში პარიზის ლუვრში მომხდარი ხმაურიანი ძარცვის შემდეგ, მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდებოდა.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში მომხდარმა გაბედულმა დანაშაულმა საფრანგეთი შოკში ჩააგდო. მოპარული 88 მილიონი ევროს (75 მილიონი ფუნტის) ღირებულების ძვირფასეულობა, თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი არ არის ნაპოვნი.
ლუვრის ძარცვიდან რამდენიმე საათში, ქურდები საფრანგეთის შედარებით პატარა მუზეუმს დაესხნენ თავს და მონეტები მოიპარეს. მას შემდეგ დამნაშავეებმა ვენაში ბრილიანტის ყელსაბამი, ესპანეთში ბრინჯაოს ხანის ექსპონატები, ხოლო იტალიის ორ მუზეუმში ხელოვნების ნიმუშები მოიპარეს. კანი-სიურ-მერში, რენუარის მუზეუმში მომხდარი ძარცვა ამ სერიიდან ბოლოა - დეტექტივები კვლავ ეძებენ დარჩენილ მრავალმილიონიან ნახატებს (ორი მათგანი ქურდებმა მუზეუმის ბაღში დააგდეს და სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს).
ევროპოლის ცნობით, ევროპის მასშტაბით მუზეუმების ქურდობის შეტყობინებების რაოდენობამ იმატა. უწყების ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ იცვლება როგორც დანაშაულის მეთოდები, ისე სამიზნეები - იმატა ძალისმიერმა ტაქტიკამ და ლუვრის შემთხვევის მსგავსად, აქცენტი კვლავ მაღალი ღირებულების ნივთებზე, ძვირფას ლითონებსა და თვლებზე კეთდება.
ხელოვნების საწინააღმდეგო დანაშაულების კვლევის ასოციაციის (ARCA) მონაცემებით, საფრანგეთში მუზეუმების ძარცვის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
ადრე თუ ძარცვა მოტყუებასა და ეშმაკობაზე იყო დაფუძნებული, ახლა თავდასხმები სულ უფრო ძალადობრივი ხდება.
ლუვრში ქურდებმა მექანიკური ამწე გამოიყენეს, ფანჯარა ელექტროხერხით გაჭრეს, დაცვას დაემუქრნენ, ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ძვირფასეულობა გაიტანეს. რენუარის შემთხვევაში კი დამნაშავეებმა ელექტროდანით ღობე გაჭრეს, შემდეგ კი ჩარჩოების დამჭერი კონსტრუქციები გადახერხეს.