14 სექტემბერი 2026,   02:18
ვრცლად
გამოვლენილია ათასზე მეტი არხი და ათიათასობით ვიდეო, რომლის უკანაც AI-ექიმების სახიფათო ქსელი დგას - როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ექიმი კარგად შეფუთული ციფრული თაღლითობისგან

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ექიმია - აცვია თეთრი ხალათი, ზის კაბინეტში, საუბრობს დამაჯერებლად და გასცემს სამედიცინო რჩევებს. მაგრამ ამ ექიმს სხვებისგან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოარჩევს - ის არ არის რეალური ადამიანი.

ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა ვირტუალურმა სამედიცინო სპეციალისტებმა  სოციალური ქსელები უკვე დაიპყრეს. მათი ვიდეოები მილიონობით ნახვას აგროვებს. ისინი საუბრობენ სხვადასხვა დაავადებაზე, პაციენტებს ურჩევენ მკურნალობის მეთოდებსა და მედიკამენტებს.

ერთ-ერთი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა. ბრაზილიაში 82 წლის ქალმა YouTube-ზე ნანახი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი "ექიმი" ნამდვილ სპეციალისტად მიიჩნია და მის ჯანმრთელობის რჩევებს ენდო, თუმცა ამ ქალბატონს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეკრანის მიღმა უსმენდა ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელოვნურად იყო გენერირებული და რომ ის საერთოდ არ არსებობს.

დღეს ტექნოლოგია შეიძლება შეცდომაში შეყვანის ინსტრუმენტადაც იქცეს, ყალბი, ე.წ. ფეიკი ექიმი ამ ახალი რეალობის მხოლოდ ერთი მაგალითია.

თეთრხალათიანი თაღლითობის რეალურ მასშტაბს ესპანური მედიის გამოძიებაც მოწმობს. გამოვლენილია YouTube-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი სამედიცინო სპეციალისტების 1 046 არხი.

ერთ კონკრეტულ არხზე 96 000-ზე მეტი ვიდეოა, რომლებსაც ჯამში თითქმის 1.84 მილიარდი ნახვა აქვს. ინფორმაცია 33 ენაზე ვრცელდება სულ მცირე 54 ქვეყანაში. ყველაზე საყურადღებო ზრდის ტემპია. ამ არხების 77 პროცენტი 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივლისამდე შეიქმნა. საქმე უკვე რამდენიმე ყალბ ვიდეოს აღარ ეხება, შეიქმნა მთელი ეკოსისტემა, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს.

რატომ იქმნება ამდენი AI-ით შექმნილი ყალბი ვიდეო? პასუხი მარტივია - ფული.

მსგავსი არხები შემოსავალს YouTube-ის მონეტიზაციიდან და ვიდეოებში განთავსებული რეკლამებიდან იღებს. ხშირად, ვიდეოების აღწერაში განთავსებულია ბმულები საკვებ დანამატებზე თუ სხვა პროდუქტებზე. თუ მაყურებელი პროდუქტს შეიძენს, ვიდეოს შემქმნელს გაყიდვიდან საკომისიოც ერგება.

ეს ბიზნესმოდელი მაყურებლის ყურადღებასა და უპირობო ნდობაზეა დაფუძნებული. რაც უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ექიმი და რაც უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ვიდეო, მით უფრო მაღალღირებული ხდება ეს აუდიტორია.

თაღლითობის არაერთი მაგალითი არსებობს. ბრაზილიელი ქალის მსგავსად, ავსტრალიაშიც ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში AI-ის მიერ შექმნილი ნამდვილი ექიმის "დიფ ფეიკი "გაავრცელეს. რეკლამაში ნაჩვენები პროდუქტი ქალმა იყიდა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ანგარიშიდან დაპირებულ თანხაზე მეტი ჩამოეჭრა და თანხა ყოველთვიურადაც ექვითებოდა.

AI ექიმების ვიდეოების შინაარსი ხშირად შიშსა და ემოციაზეა აგებული. მაყურებელს ჰპირდებიან სწრაფ გამოჯანმრთელებას და ისეთ შედეგს, რომელსაც ჩვეულებრივი მედიცინა თითქოს ვერ სთავაზობს. ხელოვნური ინტელექტი კი ამ ყველაფრის სწრაფად და მასშტაბურად წარმოებას ამარტივებს.

რამდენიმე წუთში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელია ექიმის სახის, ხმისა და ვიდეოს შექმნა და შემდეგ იგივე მოდელის კოპირება სხვადასხვა ენაზე და სხვა აუდიტორიისთვის.

შედეგად იქმნება დომინოს ეფექტი: მეტი შემაშფოთებელი ინფორმაცია, მეტი ნახვა, მეტი გამომწერი, მეტი შემოსავალი და შემდეგ კიდევ უფრო მეტი ვიდეო.

მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ექიმი ან ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი ნამდვილი არ არის?

პირველ რიგში, მხოლოდ გარეგნობას და ხმას არ უნდა ენდოთ. თეთრი ხალათი, სამედიცინო კაბინეტის მსგავსი გარემო და დამაჯერებელი საუბარი დღეს უკვე მარტივად შეიძლება ხელოვნურად შეიქმნას.

თუ სწრაფ და მარტივ გამოსავალს გვთავაზობენ, მაგალითად, კონკრეტულ საკვებს, საკვებ დანამატს ან პროდუქტს, რომელსაც თითქოს დაავადების სწრაფად და მარტივად განკურნება შეუძლია, ასეთ შემთხვევაში უნდა გაარკვიოთ, ვინ დგას ვიდეოს უკან, არსებობს თუ არა ეს ექიმი რეალურად და ეფუძნება თუ არა მისი რჩევა სანდო სამედიცინო წყაროს.

რაც მთავარია, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევას პროდუქტის შეძენის შეთავაზება მოჰყვება, მაყურებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ცალსახა კომერციული ინტერესია.

ევროკავშირის სამართალდამცავი თანამშრომლობის სააგენტო Europol-ის შეფასებით, ონლაინ-თაღლითობა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. ხელოვნური ინტელექტი კი ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. თაღლითებს შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული ტექსტი სწრაფად შექმნან, ფალსიფიცირებული ხმა ან ვიდეო კი რეალურს დაამსგავსონ.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები