13 სექტემბერი 2026,   22:21
ვრცლად
საუკუნოვანი სიყვარულის ისტორია - 95 წლის მამულის და 87 წლის გუგულის პირველად თქმული "მიყვარხარ" დღემდე ახსოვთ

სიყვარულზე ბევრს მღერიან, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით უბრალოდ ცხოვრობენ. წლიდან წლამდე, გვერდიგვერდ.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში ამ ოჯახს ყველა იცნობს. 95 წლის მამული და 87 წლის გუგული. ჩანტლაძეების ოჯახი ჩვენი მასპინძელია.

ხუმრობა არ არის ერთად 7 ათწლეულზე მეტი გაატარო, თუმცა ხუმრობა და იუმორია, რაც მათ სიყვარულს დღემდე აცოცხლებს.

ერთ ჭერ ქვეშ მათი ყოველდღიურობაც ერთად იწყება. დილიდან ეზოში ფუსფუსებენ და საქმეს ინაწილებენ.

აქ სიყვარული ყველაფერს გადაურჩა, ყოველდღიურობის რუტინას და წლებსაც, რომლებმაც ახალგაზრდობა მოგონებად აქცია.

ერთმანეთისთვის რამდენჯერ უთქვამთ "მიყვარხარ", ვეღარ ითვლიან. პირველი "მიყვარხარ" კი დღემდე ახსოვთ.

წლები ბევრ დეტალს გვავიწყებს, მაგრამ არის მომენტები, რომლებიც მეხსიერებაში უცვლელად რჩება.

მათი ამბები ყოველდღიურობაში უფრო მარტივად იკითხება, საქმეში, რომელსაც ერთად აკეთებენ, და კამათში, სადაც ბოლოს ვიღაც აუცილებლად თმობს.

ოთახების გამოხვეტა უკვე უჭირს, მაგრამ ხელსაქმეს ისევ ვერ ელევა - ძველ საკერავ მანქანასთან ადგილს არავის უთმობს.

ამ სახლში ყოველდღიურობას ისევ ძველებური რიტმი აქვს. სანამ გუგული კერავს, მამული სიმინდს ფქვავს.

როცა ერთად არიან, საქმეც უკეთ კეთდება.

რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მთავარი ნატვრა უცვლელი აქვთ - კიდევ ერთი დღე, ისევ ერთად, ისევ ერთმანეთის გვერდით.

ავტორი: ანი გიუნტერი

დღის ამბები