ზოგჯერ ისტორია წიგნებში კი არა, მიწის სიღრმეში ინახება. გრაკლიანი გორა არქეოლოგების სამოთხეა დამარხული საგანძურით, რომელიც ისტორიას ცვლის. ამ ადგილას დღეისათვის 11 სხვადასხვა პერიოდის ნაშთია იდენტიფიცირებული - დაწყებული ქვედა პალეოლითიდან, რომლის ასაკი მილიონ რვაასი ათასი წელია, დასრულებული ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით.
18 წლის მანძილზე პერიოდულმა გათხრებმა დამალული წარსულის დიდი ნაწილი გამოააშკარავა. სხვადასხვა სახის კვლევით დადასტურდა, რომ შიდა ქართლის ეს ნაწილი გაუვალი ტყეებით იყო დაფარული, ბევრი ნადირი და წყალთან სიახლოვე კი საცხოვრებლად კარგ პირობებს ქმნიდა. 2015 წელს გაურკვეველი წარწერის აღმოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის განვითარება იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა დონეს შეესაბამებოდა ან სულაც აღემატებოდა.
დამწერლობის გარდა, ამ გორაზე ვხვდებით პირველ საწონებს. გამოდის, რომ პირველი სასწორი მთელ კავკასიაში აქ იპოვეს. ეს ინტელექტუალური აღმავლობა, რომელიც 3 000 წლის წინ დაიწყო, მეცნიერების საწყისებია.
არქეოლოგები ახლა იმ კვალს მიჰყვებიან, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე გვიყვება. ახალი აღმოჩენები ახალ, ზოგჯერ უპასუხო კითხვებსაც აჩენს.
ათასწლეულები, ფერფლის წვიმებში ჩამარხული ნეშტები, შენობები, ნივთები და მაინც ნაპოვნი ჭეშმარიტება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრანტს გრაკლიანის პალეობოტანიკურ მასალაზე სპეციალური კვლევა აქვს ჩატარებული. მისი დისერტაცია ეძღვნება თემას, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში აქ ლუდი იხარშებოდა.
ჩამარხული წარწერების აღმოჩენის დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის მთავარი იარაღი მეცნიერული ალღო და ის უდიდესი ცოდნაა, რასაც მთელი ცხოვრებაა ეუფლება. მსოფლიოს 12 უნივერსიტეტში, დიდ სამეცნიერო წრეებში ჩატარებულმა მოხსენებებმა ინტერესი გაზარდა. ეპიგრაფიკოსები, არქეოლოგები, სტუდენტები იტალიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბუდაპეშტიდან, ვარშავიდან, ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა სასწავლო დაწესებულებიდან ყოველწლიურად ჩამოდიან.
ავტორი: ანი გენებაშვილი