დასაქმებულის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა - შრომის ინსპექციის სამსახურმა საქმიანობის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. მთავარმა ინსპექტორმა კონკრეტულ მონაცემებზე ისაუბრა. ბექა ფერაძის განმარტებით 2025 წელს ჩატარდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 000-ზე მეტი ობიექტი. საზედამხედველო ღონისძიებები კი - 41 000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო.
ანგარიშის განხილვისას ითქვა ისიც, რომ ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე 46%-ით არის შემცირებული. ეს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. დეპუტატები აქცენტს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე აკეთებენ.
შრომის ინსპექცია რომ არა სადამსჯელო, არამედ დამხმარე უწყებაა - ამას ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ. მინისტრის მოადგილე ამბობს რომ შრომის ინსპექცია დასაქმებულის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცულობისთვის- მთავარი გარანტიაა.
შრომითი უფლებებისა და ამ მიმართულებით დანერგილი ახალი სტანდარტების გაცნობის მიზნით თანამშრომლობა გრძელდება ბიზნესთანაც. ბიზნესასოციაციაში ამბობენ რომ დასაქმებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შრომის ინსპექცია არა მარეგულირებელი, არამედ პარტნიორია.
სამუშაო ადგილებზე ინსპექტირების რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორჯერ იმატა იმ კომპანიების რიცხვმა რომლებმაც პირველადი ინსპექტირებისას გაცემული მითითებები სრულად შეასრულეს.