საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
"ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება" - განაცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა პარიზში, კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ერთგვარი სიგნალია, რომ ევროკავშირი ცდილობს ურთიერთობების გალღობას.
"ეს ტყვია მათი მხრიდან ჩემი აზრით გამოყენებული არ იქნება. მით უმეტეს არ არის საარჩევნო წელი. ეს რომ საარჩევნო, ან მომდევნო წელი იყოს მაშინ შეიძლება სხვანაირად გვემსჯელა. ამასობაში, სანამ არჩევნები მოვა ისინი დარწმუნებიან იმაში და უფრო მალე დარწმუნებიან ვინაიდან შუა კორიდორის თემა არის გაასმაგებული და თვითონ ჩქარობს ბრიუსელი რაღაც ნაბიჯების გადადგმას და უკვე რწმუნდება, რომ გამარგინალებულია ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია. თავიდან ბოლომდე თვითონ კვებავენ თავიანთი ნარატივით. აბსოლუტურად ყველაფერს რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად ისინი აკეთებენ თუმცა არაფერი არ ეშველება. შესაბამისად, მათ მოუწევთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ „ქართულ ოცნებას“უნდა დაუსხდნენ და ესაუბრონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმისთვის, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ შეგვიძლია გადავფურცლოთ ეს უსამართლობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები. ვინაიდან ეს პოლიტიკა არის, აქ ემოციების დრო და ადგილი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.