11 სექტემბერი 2026,   12:30
ვრცლად
საქართველოს საელჩო აშშ-ში: 2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენად დარჩება

საქართველოს საელჩო აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ამერიკელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში.

"დღეს 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულმა ტრაგედიამ ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში - 2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენად დარჩება, რომელმაც საუკუნის დასაწყისში შეგვახსენა, რომ უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი შესაძლებელია ურთიერთმხარდაჭერის, სოლიდარობისა და ერთიანობის შენარჩუნება.

სამხედრო მოსამსახურეებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა და უბრალოდ რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აჩვენეს თავდადების გმირული მაგალითები, რომელთა შედეგად 11 სექტემბერი სამარადჟამოდ არა მხოლოდ უდიდესი ტრაგედიის, არამედ ადამიანური ღირსების, სიმტკიცისა და თანადგომის სიმბოლოდაც დარჩება.

ამ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას თითქმის სამი ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მათმა ოჯახებმა უმძიმესი დანაკარგი განიცადეს. პატივს მივაგებთ თითოეული დაღუპულის ხსოვნას და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახებს მათ მოგონებაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!" - ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები