„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში,“ ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
"აქამდე კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით, ეს ეტყობა ახალი კრიტერიუმია რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის, ღიმილისმომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან ევროპელი ბიუროკრატები თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები დღეს" - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, დღევანდელ გლობალურ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა და ურთიერთობები ყველა იმ აქტორთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკაში.
"ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.