07 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ხელმძღვანელობით, კორეის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასა და სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრას გამართავს კორეის შს და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. საუბრის ძირითადი თემა ციფრული მმართველობა იქნება.

"პაატა სალია კორეელ კოლეგას ქართულ რეფორმებს გააცნობს, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ელექტრონული მმართველობის, სერვისების გაციფრულების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს. მისი მიზანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება. ფორმატი მოიცავს სამუშაო შეხვედრების, ერთობლივი ფორუმებისა და სემინარების ორგანიზებისა და ციფრული მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამსუნგის ინოვაციების მუზეუმსა და ციფრული მმართველობის გამოფენაზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე.

დღის ამბები