სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ჩიტაია, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. 4 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ ოთარ ჯოხაძეს და მამუკა ყორღანაშვილს კახა კალაძის და შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის.
დღესვე, სასამართლომ განიხილა გიორგი ზავრაშვილის და ალექსანდრე კინწურაშვილის საქმეები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრო შარაშენიძეს და გია ბარამიძეს. ისინი 1500 ლარით დაჯარიმდნენ. გადაწყვეტილებები გამოცხადდა სხვა საქმეებზეც.
"მიმდინარეობს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა რაოდენობით სახდელი ჯარიმა და მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულმა პიროვნებებმა აღიარეს გარკვეულ შემთხვევებში სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ თავად სამართალდამრღვევი პირები.
ზოგიერთ შემთხვევაში მათ წარმომადგენლობას ახორციელებდა ადვოკატი და მხარის ახსნა-განმარტებებისა და საქმით წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, როგორც მოგახსენეთ, სასამართლომ თითოეული მათგანი ცნო სამართალდამრღვევად, სახდელის სახედ, როგორც აღვნიშნე, გამოყენებული იქნა ჯარიმა სხვადასხვა რაოდენობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანი კაკიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის ანდრო გურულის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი, კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააჯარიმა.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და მას განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. კიდევ რამდენიმე საქმის წარმოება მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თითოეულ შემთხვევაში, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პიროვნებები და მათ დააკისრა ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით", - აცხადებს ანდრო გურული.