08 სექტემბერი 2026,   21:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ბრალდებულის მეუღლე დაკითხეს. სუს-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, სამართალდამცველებმა 23 დეკემბერს დააკავეს.

როგორც ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მეუღლე დაიკითხა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე. მე არაერთხელ გამიკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, კერძოდ, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს გააჩნია ერთადერთი საცხოვრებელი თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ერთადერთი საცხოვრებელი აქვს ამ კაცს," - აცხადებს ადვოკატი.

თავის მხრივ, პროცესის დეტალებსა და მოწმეთა დაკითხვის სტრატეგიაზე საუბრობს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

"დაცვის მხარეს დღეს წარმოდგენილი ჰყავდა სამი მოწმე, რომელთაგან ორი ბრალდების მხარემ უდავოდ გაუხადა. ასევე, დამატებით კიდევ ორი პირი, რომელიც მათ დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდათ, ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია. ერთ შემთხვევაში უნდა განიმარტოს, რომ ერთ-ერთი იყო გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარეს გამოკითხული არ ჰყავდა. თუმცა, ვინაიდან ჩემთვის გასაგები გახდა, ზოგადად, დაცვის წევრების გამოკითხვის არსი და სტრატეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ რომეო მიქაუტაძე ზოგადად იცოდნენ ვინ იყო, ზოგიერთ შემთხვევაში ტელევიზიიდან ცნობდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში მოგვიანებით გახდა რომეო მიქაუტაძის შესახებ მათთვის ინფორმაცია ცნობილი. ამ შინაარსის ჩვენებები იყო, შესაბამისად, დამატებით პირის დაკითხვა, რომელიც გამოკითხულიც კი არ ჰყავდა დაცვის მხარეს, ბრალდების მხარემ აღარ ჩათვალა საჭიროდ. დაიკითხა ბრალდებულის მეუღლე, რომელმაც ზოგად საკითხებზე ისაუბრა. მას, რა თქმა უნდა, უშუალო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს," - აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები