04 სექტემბერი 2026,   19:15
ვრცლად
ვთხოვე, რომ ჩემსა და ჩემს ოჯახზე მსგავსი კომენტარი აღარ დაეწერა.. ელიზბარაშვილი გახდა აგრესიული, წავალ და 30 წუთში დავბრუნდებიო.. როგორც გავიგეთ, დაბრუნებულა რესტორანში იარაღით - შაკო კუჭაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილისთვის აღკვეთი ღონსძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება გუშინ წარედგინა, უწყებამ გაავრცელა ვიდეომასალაც.

რესტორანში მომხდარის დეტალებზე საუბრობს შაკო კუჭაშვილი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულია. მისი განცხადებით, მათი მხრიდან არც გინებას, არც შეურაცხყოფას და ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. კუჭაშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა. მისივე თქმით , სიცრუეა, ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს ის მათი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული.

„თამაზ ელიზბარაშვილმა წარსულში ჩემსა და ჩემს ოჯახის წევრებზე დაწერა შეურაცხმყოფელი კომენტარი. შემხვდა ერთ-ერთ რესტორანში და ვთხოვე უბრალოდ, რომ ამის შემდეგ ჩემსა და ჩემს ოჯახზე მსგავსი სახის არანაირი კომენტარი აღარ დაეწერა. მოულოდნელად ელიზბარაშვილი გახდა აგრესიული და ამ საქმეს ასე არ დავტოვებო, წავალ და 30 წუთში დავბრუნდებიო. მერე როგორც გავიგეთ, დაბრუნებულა რესტორანში იარაღით და გვეძებდა იქ.

ჩვენ პოლიცია არ გამოგვიძახებია, საქმის წარმოება დაიწყო საგამოძიებო ორგანომ და ამის შემდეგ დაგვიბარეს ჩვენ და შემდეგ, როგორც კანონმორჩილი ადამიანები, მივედით და მივეცით შესაბამისი ჩვენებები", - აცხადებს დაზარალებული შაკო კუჭაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 წუთზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში ელიზბარაშვილის მიერ მისი და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.
დაზარალებულებმა ვითარების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, რესტორნის ტერიტორია დატოვეს.
31 აგვისტოს დაახლოებით 00:20 წუთზე, ელიზბარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში. ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით.
დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.


დღის ამბები