პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და გაუქმება არადემოკრატიული ნაბიჯია, თუ მას საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული არ მიუძღვის. მისი შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის საბოლოო განაჩენის ავტორი მხოლოდ ხალხია, რომელიც არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ხმის მიცემითა და მანდატის მინიჭებით აფიქსირებს.
"თუ ამა თუ იმ პარტიას, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის წინაშე თუ დანაშაული არ მიუძღვის, რა თქმა უნდა, ამ პარტიის გაუქმება და აკრძალვა არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ყველა პოლიტიკური პარტიის საბოლოო განაჩენის ავტორი არის ხალხი, რომელიც მას ან აძლევს ხმას და მანდატს, ან არ აძლევს ხმას და მანდატს. ეს არის და ეს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ცნობისთვის: ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თემა, რაც გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გერმანიის სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები მზარდი რეიტინგის მქონე ოპოზიციური პარტიის, "Alternative for Germany" ("AfD") აკრძალვას ითხოვენ. ქართველი კანონმდებლები აღნიშნულ პროცესს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების ან საარჩევნო წარმატების გამო კონკურენტების შეზღუდვა დემოკრატიისთვის მიუღებელი პრაქტიკაა.