05 სექტემბერი 2026,   09:24
ვრცლად
პროკურატურის გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც ეს ადამიანი საუბრობს, უფრო ჰგავს ჭორაობას, ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლას - ლევან მახაშვილი ღარიბაშვილზე

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დღეს საქალაქო სასამართლოში თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე გამოკითხეს.

მათ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.

პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში იმყოფება ირმა ინაშვილი. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი, გიორგი გიგაური და თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, პროკურატურის გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამები ჭორაობას, ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლას ჰგავს.

"გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, პროკურატურის მიერ გამოკითხვის გულისხმობ, რომ რასაც ეს ადამიანი საუბრობს, ეს არ არის საუბარი, ეს უფრო ჰგავს ჭორაობას, ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლას და მე ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთ მხარეს არიან კონკრეტული მოწმეები, კონკრეტული მტკიცებულებები, მისი უშუალო გარემოცვის წევრები თავის დროზე, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომლებიც მას ადებენ ხელს კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულში. ახალ დანაშაულზეა საუბარი, თორემ წინა დანაშაული, რის გამოც იგი იხდის სასჯელს, მან თავად აღიარა, თავად დაადასტურა ეს ჩადენილი დანაშაული. მეორე მხრივ, არის მისი სიტყვები, რომელიც ხან პროკურატურა ცდილობს, რომ გადაამოწმოს, ხან არ ვიცი, აგერ თქვენ ცდილობთ, ჯერჯერობით კონკრეტული მტკიცებულება არ მოგვისმენია, გარდა ფუჭი ბრალდებისა, ცარიელი სიტყვებისა. ამიტომ, აქ მე მგონი, პოლიტიკური შეფასებები სრულიად ზედმეტია. რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბან ზოგიერთებმა თავიანთ პოლიტიკურ აქტივობებს, რაც არ უნდა სხვის პირად, პერსონალურ უბედურებებზე ითამაშონ და იმანიპულირონ, ვერავინ ვერ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას მათი მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები