03 სექტემბერი 2026,   17:01
ვრცლად
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

დღის ამბები