ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებული პირები, მათ შორის, თაზო დათუნაშვილი, ხატია დეკანოიძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვენების მიცემას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავენ.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის შესახებ მხოლოდ ღარიბაშვილის პოსტიდან შეიტყო.
"ვინმე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხად მიბარებენ. ეს არის ადამიანი, რომლის არსებობაც მე შევიტყვე ღარიბაშვილის პოსტიდან. იმავეს ვეტყვი, რაც საჯარო განცხადებებში ვთქვი მაგისტრატ მოსამართლესთან, გამომძიებლებთანაც და აგრეთვე გავიმეორებ, რომ ყოველთვის გავაკეთებ ასეთ საკითხებზე პოლიტიკურ განცხადებებს."
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სასამართლოში გამოცხადდება, თუმცა მისთვის ეს ირონიული ფაქტია.
"დარეკეს. მე ვუთხარი გასაგებად, რომ მივალ სასამართლოში, იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემთვის ეს ძალიან ირონიულია".
ნანუკა ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ სასამართლოში აუცილებლად მივა და იტყვის ყველაფერს, რაც ფაქტის შესახებ იცის.
"ჩვენი პასუხია, რომ ამ თემაზე გაცილებით უფრო მეტს დავწერ, ვიდრე დავწერდი. ახლა რაც შეეხება ჩვენი და ძალიან თავაზიანი გამომძიებლის დიალოგს: მე მას ვუთხარი, რომ ყოველთვის პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ისინი დაკითხვაზე მიბარებენ, მე მივდივარ პროკურატურაშიც და პოლიციაშიც და ხვალ აუცილებლად მივალ სასამართლოში და მოვყვები, რა ვიცი ამ ამბის შესახებ."
ცნობისთვის: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო გამოკითხვები გრძელდება. პოლიციის მთავარ სამმართველოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს, დღის განმავლობაში კი გია ხუხაშვილსა და გიორგი გიგაურს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ. იმ 11 პირიდან, ვისი გამოკითხვაც იგეგმება, ნაწილი აცხადებს, რომ საქმეს საერთოდ არ იცნობს და მათი განცხადებების საფუძველი მხოლოდ ღარიბაშვილის წერილი იყო. რაც შეეხებათ ნანუკა ჟორჟოლიანს, ხატია დეკანოიძესა და თაზო დათუნაშვილს - მათ ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს.