ელექტრონულ პორტალ www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა. საიტზე დღეიდან მომხმარებელს, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს. ახალი კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტებს.
მთავრობის ინიციატივით შექმნილ პორტალზე ამ დროისთვის წარმოდგენილია 13 ლიდერი სუპერმარკეტის ქსელის 477 შეთავაზება.
"პორტალს დაემატა 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის ყოველდღიური მოხმარების ჭრილში. ეს არის სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტები და ჰიგიენური მოხმარების საშუალებები.
ყოველდღიურად პორტალზე წარმოდგენილია დაახლოებით, 400-დან 500-მდე საუკეთესო შემოთავაზება 13 სუპერმარკეტის ქსელების მხრიდან, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ყოველდღიურ რეჟიმში შეადარონ, როგორც სასურსათო, ასევე, არასასურსათო პროდუქტებზე ფასები," - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.