ეროვნული ფასეულობებისა და სიწმინდეების დასაცავად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი იურისტებთან და ისტორიკოსებთან აქტიურ კონსულტაციებს იწყებს, მომდევნო კვირაში კი შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეგმავს.
ჯგუფის დამფუძნებლის, მსახიობ გიორგი შანიძის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად მხოლოდ ქვეყნის იდენტობის დაცვას ისახავს და მას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ან ცენზურის დაწესებასთან საერთო არაფერი აქვს.
"უკვე დავიწყეთ აქტიური კონსულტაციების პროცესი. პირველ ეტაპზე, კონსულტაციებს გავმართავთ იურისტებთან, სამართლის მცოდნეებთან, ისტორიკოსებთან და მომდევნო კვირას, იმედი გვაქვს, შევხვდებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. შემდეგ აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან კონსულტაციები. ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ ყველაფრის დაცვას და საერთოდ ბმა და კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან, თეატრში ცენზურასთან და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურება ამ სიწმინდეების დაცვას და არანაირი კავშირი არ აქვს არც სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან, არც რაღაც ცენზურის დაწესებასთან", - აცხადებს გიორგი შანიძე.
ცნობისთვის, თბილისში დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს ისეთი საკანონმდებლო ბაზისა და სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, რომლებიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას დაარეგულირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები (გიორგი შანიძე, გიორგი სიხარულიძე, კოტე მჟავია და სხვები) მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონი საზოგადოებას სერიოზული დაპირისპირებებისგან დაიცავს. თავის მხრივ, მმართველ გუნდში უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინიციატორებთან კონსულტაციები გამართონ.