27 ივლისი 2026,   15:02
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის დროს მინისტრმა ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

სპორტის მინისტრთან ერთად ავსტრალიაში ლეგენდარული სპორტსმენისთვის პატივის მისაგებად ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა მურჯიკნელი, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩის პირველი მრჩეველი ლაშა ჯაფარიძე, რომლებსაც ადგილზე ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია და ოჯახის ახლობლები დახვდნენ.

გაიხსენეს ვიქტორ სანეევის ღვაწლი ქართული სპორტის ისტორიისა და მსოფლიო მძლეოსნობის წინაშე, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებისთვის.

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად ითვლება. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

სანეევი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. იგი გახლდათ პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.

დღის ამბები